საფეხბურთო კლუბი მეშახტე

მეშახტე — პროფესიონალური ქართული საფეხბურთო კლუბი იმერეთის ქალაქ ტყიბულიდან. კლუბი არის საქართველოს თასის მფლობელი საბჭოთა კავშირის პერიოდში 1964 და 1976 წელს, ასევე ქვეყნის ჩემპიონი 1980, 1981 წლებში.

მეშახტის წარმატება XX საუკუნის 60-80-იან წლებში უკავშირდებოდა იმ დროისთვის საკმაოდ ძლიერ ქალაქს, ტყიბულს. მისი ქვანახშირის შახტებიც სსრკ-ის ცენტრალური ბიუჯეტის დოტაციაზე იყო და სწორედ აქედან ნაწილდებოდა თანხები სპორტის განვითარებაზეც, მათ შორის – ფეხბურთზეც. სსრკ-ის დაშლის შემდეგ, როდესაც ეს დაფინანსება შეწყდა, ქალაქ ტყიბულსაც მძიმე პერიოდი დაუდგა და ფეხბურთისთვისაც აღარავის ეცალა.

მეშახტის წარმატება ასევე უკავშირდება 70-იან წლებში ქალაქის რაიკომის მდივანს კარლო ლომაძეს, რომლის ინიციატივითაც ქალაქში აშენდა იმ პერიოდისათვის საუკეთესო სტანდარტების სტადიონი.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ კლუბი მცირე ხნით გამოდიოდა „ოკრიბის“ სახელით, ამ პერიოდისათვის ქალაქში არსებობდა მეორე საფეხბურთო კლუბი „ცხრაჯვარი“.

1965-1967 წლებში გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.

ტიტულები

  • საქართველოს საბჭოთა ჩემპიონატი
    • ჩემპიონი: 1980, 1981

 

  • საქართველოს საბჭოთა თასი
    • ჩემპიონი: 1964, 1976

 

  • პირველი ლიგა
    • მეორე ადგილი: 2008
    • მესამე ადგილი: 1991, 1994, 1995